Monday, May 25, 2009

musikaluri sakravebi



მუსიკა ერთ-ერთი საშუალებაა გავიგოთ ადამიანის შინაგანი ბუნება. ამ ხელოვნების ისტორიას შეიძლება ვუწოდოთ ხმოვანი სურათი, რომელზედაც აღიბეჭდნენ ღელვანი, ვნებანი და განწყობილებანი, რომლებიც განიცადა ადამიანმა თავისი არსებობის მთელი დროის განმავლობაში. ხმიერი და საკრავიერი მუსიკის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ხმიერი მუსიკა სტიმულს აძლევს საკრავიერის განვითარებას, მაგრამ საკრავიერიც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს ხმიერ მუსიკაზე. ხალხური მუსიკა და ხალხური საკრავები, შემონახული უძველეს დროიდან, სწორედ რომ წარმოადგენენ უძვირფასეს საბუთს, რომელიც ისტორიული განვითარების პროცესში, გვიჩვენებს ხალხის ამა თუ იმ ცივილიზაციის დონეს და გზებს, რომლებიც განვლო ხალხმა თავისი კულტურული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ამიტომ ხალხური სამუსიკო საკრავების შესწავლას ფრიად ღრმა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის!
 ქართველმა ხალხმა, რომლის კულტურაც ჯერ კიდევ წინაისტორიულ ხანაში ჩაისახა და საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს უძველეს კულტურებთან ურთიერთობაში ვითარდებოდა, შექმნა მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობა, რომელიც გმირულად დაიცვა მრავალრიცხოვანი მტრების გამუდმებული თავდასხმების პირობებში. ეს გარემოება მით უფრო აღსანიშნავია, რომ ყოველი ხალხის ღირსება ფასდება არა მარტო ცალკეულ მოღვაწეთა სახელებით, არამედ მატერიალური და სულიერი კულტურის იმ თვალსაჩინო ძეგლებითაც, რომლებიც ხალხმა საუკუნეების მანძილზე შემოინახა. დიდი კულტურული მონაპოვარი ხშირად ისტორიულ ქარტეხილებს ეწირება მსხვერპლად და მისი კვალის აღსადგენად საჭირო ხდება შემოქმედებითი ძიება მეცნიერების ისეთი დარგების გამოყენების საფუძველზე, როგორიც არის არქეოლოგია, ანტროპოლოგია, ეთნოგრაფია და სხვა. მრავალი ათეული წლების მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მოპოვებული მასალის საფუძველზე ძველი ქართული კულტურის საერთო სახის აღდგენის საშუალება მოგვცეს. წინამდებარე ნაშრომი აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილი მცირედი ხარკია და მიზნად ისახავს ფართო მკითხველს გააცნოს ძველი ქართული მუსიკალური საკრავები. ჩვენ ძირითადად დავეყრდნობით ძველ ქართულ მწერლობასა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებს, რომელნიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ქართული საკრავების განვითარების გზები, თითოეული მათგანის ადგილი ქართველი ხალხის მუსიკალურ ყოფაში. 
 საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა. დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი ხანია გასულია ყოფიდან. ის ერთგვარი ბუნდოვანება, რომელიც ქართული საკრავების აღმნიშვნელ ტერმინებსა და თვით საკრავებს შორის არსებობს, ერთობ აძნელებს ძველი ქართული საკრავების კვლევა-ძიების საკითხს. ამ მხრივ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საკრავების მთელი რიგი, რომელიც ნახსენებია ქართულ წერილობით წყაროებში, წინასწარ გარკვევასა და დადგენას მოითხოვს. ჩვენ არ გაგვაჩნია მათ შესახებ უშუალო და პირდაპირი ცნობები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჭეშმარიტების აღდგენა. ზოგჯერ ისინი ფრესკებზე მინიატურებსა და სხვა ნივთიერ ძეგლებზეა აღბეჭდილი. უფრო ხშირად კი ამ ბედნიერ შემთხვევითობასაც მოკლებული ვართ და ამა თუ იმ საკრავის მხოლოდ სახელწოდებაღა გვაქვს შემონახული.

 ქართული მუსიკალური საკრავები არსებობს რამდნეიმე ტიპის: დასარტყმელი, სიმებიანი და ჩასაბერი საკრავები.
 დასარტყმელი საკრავები – მუსიკალური საკრავების ნაირსახეობა. უმრავლესობას აქვს გარკვეული ხმა, რომელიც მას სხვებისაგან განასხვავებს. თუმცა ყველა მათგანს არ აქვს გარკვეული ტონალობა. 
 დაირა, დასარტყმელი საკრავი, ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ანდა თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა, ცნობილია აგრეთვე დაფის სახელწოდებით. რკალს შიდა მხრიდან სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღერებლად. დაირის რკალის სიმაღლე 40-60 მმ, დიამეტრი 350-490 მმ, სისქე - 8-9 მმ. დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღბად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დაირა უძველესი საკრავია.
 ქართული დასარტყამი საკრავები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ რიცხვს დოლიმიეკუთვნებიან დაფი ანუ დაირა, დაფდაფი ანუ დოლი, ნაღარა, ტაბლაკი, დიპლიპიტო, წინწილა და სხვ. რამდენადაც აღნიშნულ სახელწოდებათაგან ზოგი უცხოურია, ხოლო ზოგი კი ქართული, საჭიროდ მიგვაჩნია აღნიშნულ საკრავთა ცალ-ცალკე განხილვა და მათი სახელწოდებების დადგენა. დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს(1), რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი(2). ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები(3), რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს. დოლზე ჯოხებით დაკვრისას, ერთი ჯოხით ურტყამენ ცალ მხარეს (ტყავზე), მეორეთი - მეორე მხარეს. ჯოხებს აქვთ ყულფები, რომლებითაც ჯოხები შემსრულებელს ხელებზე აქვს მიმაგრებული. დოლზე მიიღწევა ტრელები, ტრემოლო, ფორშლაკები. როდესაც ფორტე-ს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანო-ს დროს - დოლის ნაპირებზე. დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. დოლზე უკრავენ ძირითადად მამაკაცები; ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა ერთი რომელიმე საკრავის გაერთიანება ანსამბლად, მაგალითად ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის, დუდუკების და იშვიათად სალამურის.
 დიპლიპიტო, დასარტყმელი საკრავი, შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის ორი პატარა ქილისაგან, რომლებზედაც გადაკრულია ციკნის ტყავი ან ხარის ბუშტი. ქილები ერთმანეთთან თასმითაა გადაბმული. ქილების სიმაღლეა 200-250 მმ, დიამეტრი პატარისა — 90 მმ, დიდის — 170 მმ. ქილები გარედან ნაირფერადაა მოხატული. დიპლიპიტოს უკრავენ ორი პატარა ჯოპხით "თხის ფეხუნებით". თუ ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავის გადაჭიმვა უნდათ, ქილებს მაყალზე ათმობენ, მოსაშვებად კი ტყავებს ოდნავ ასველებენ. დიპლიპიტო უმთავრესად საანსამბლო საკრავია.
 სიმებიანი საკრავები (ქორდოფონები) - მუსიკალური საკრავები, რომელთა ბგერის წყაროა დაჭიმული სიმები. ბგერის სიმაღლეს ცვლის სიმის დამოკლება (მაგალითად ვიოლინოზე) ან მუდმივად გარკვეულ სიმაღლეზე აწყობილი (საკრავის დიაპაზონის ფარგლებში) სიმები (მაგალითად ფორტეპიანო). სიმებიანი საკრავების უმრავლესობა მზადდება სხვადასხვა ჯიშის ხისაგან, ხოლო ბგერის ძირითადი გამომცემი, დეკა, ე. წ. სარეზონანსო ნაძვის ან ფიჭვისაგან. ლითონი, ჩვეულებრივ (სიმების გარდა), გამოიყენება მხოლოდ მექანიზმის დასამაგრებელი დეტალებისათვის. სიმებიანი საკრავები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ხემიანი, ჩამოსაკრავი, დასარტყმელი, დასარტყმელ-კლავიშებიანი, და შამოსაკრავ-კლავიშებიანი საკრავები.
 ებანი, უძველესი ქართული მრავალსიმიანი სამუსიკო საკრავი. სახელწოდება ებანი პირველად "დაბადების" ქართულ რედაქციაში გვხვდება. როგორც ჩანს, იგი წარმართული დროიდანაა ცნობილი, რასაც აგრეთვე მოწმობს ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი სანახაობათა წინააღმდეგ მიმართული კანონის ერთ-ერთი მუხლი. თავდაპირველად ებანის დანიშნულება საკრავთა მწყობრში მონაწილეობა და სიმღერა-გალობის თანხლება იყო
  ფანდური  სამ სიმიანი ჩამოსაკრავი საკრავია, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში, ფანდური ძირითადად სააკომპანიმენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები_საგმირო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერები, შაირები. ფანდურზე სრულდება საცეკვაო სიმღერებიც. ამ “საცეკვაოებს” ცეკვის დროს ახლავს ტაში, რომელიც ხაზს უსვამს რითმს. ცეკვას, ფანდურისა და ტაშის თანხლებით “ტაშფანდურას” ეძახიან. 
 ფანდურის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. კორპუსი შედგება მუცლისა(1) და ზედა დეკისაგან(2), ტარი__თავისა(3) და ყელისაგან(4); დამხმარე ნაწილებია მოქლონები(5), ხარაკი(6), საქცევები(7), ჯორა(8) და ღილი(9). ფანდური გამოთლილია მთლიანი ხისაგან. კორპუსი (მუცელი(1)) სხვადასხვა კუთხის ფანდურებს სხვადასხვაგვარი აქვთ. ხევსურული ფანდურის კორპუსი ნიჩბისებურია და მასიური, დანარჩენი კუთხეებისა კი _ ნავისებური ან ოვალური, ან მსხლისებრი. ზედა დეკაზე(2) წრიულად ან ოვალურად გაკეთებულია ნახვრეტები. ხევსურულ ფანდურს მეტი ნახვრეტი აქვს, სხვა კუთხეების ფანდურებს_ნაკლები. ტარის თავი(3) ოდნავ გადახრილია უკან ან ნიჟარისებულია. მასზე გაკეთებულია ოთხი ნახვრეტი, სამი სიმების დამჭერი მოქლონებისათვის, ერთი-პატარა თასმისთვის, რომლითაც ფანდურს კედელზე ჰკიდებენ. ფანდურის ყველა ნაწილი ერთი მასალისაგან კეთდება, მაგრამ ხევსურეთში ამჯობინებენ ზედა დეკის გაკეთებას განსხვავებული ხისგან (კერძოდ ფიჭვისა ან ნაძვისგან). ფანდურის თითოეული სიმის ბგერათრიგი დიატონურია. ხევსურული ფანდურის დიაპაზონია სექსტა, ხოლო ბარის ფანდურისა_ოქტავა ან ნონა. ფანდურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. I და II სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლევა მცირე ტერციას, II და III სიმების მიერ გამოცემული ბგერები_დიდ სეკუნდას. მთხრობელთა გადმოცემით, წინათ წარმოუდგენელი იყო ოჯახი უფანდუროდ. თუ ვინმეს ფანდური არ ჰქონდა, აჩუქებდნენ ან იყიდდა. ფანდურის ჩუქების შემთხვევები ძალიან ხშირი ყოფილა. ფანდური ითვლებოდა საუკეთესო სამახსოვრო ნივთად. შეიძლებოდა აგრეთვე ფანდურის ყიდვაც. ხევსურეთში «კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა», ყველა კუთხეში ერთხმად აღნიშნავენ, რომ წინათ იშვიათად თუ აკეთებდნენ ფანდურებს გასაყიდად. ზედმეტ ფანდურს კი არ ჰყიდდნენ, არამედ ვინმეს აჩუქებდნენ. ძალიან ხშირად საგანგებოდ აკეთებდნენ ფანდურებს საჩუქებად. ყოველ ოჯახში ფანდური თვალსაჩინო ადგილას ინახებოდა, ჩამოკიდებული კედელზე. ადვილად შეამჩნევდით, რომ ღრუბლიან ამინდში სიმები სუსტ და დახშულ ხმას გამოსცემენ. ფანდურზე უკრავენ როგორც ქალები ისე კაცებიც. ფანდური ძირითადად სააკომპანემენტო საკრავს წარმოადგენს. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერებიც, საგმირო ლექსები. ფანდურის გარეშე წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი შეკრება ხალხისა - ლხინი, ქორწილი თუ ხატობა. კახეთში ფანდურის თანხლებით სრულდებოდა «ბატონებიან» ავადმყოფთან. როგორც წესი, ეს საგალობელი, ინსტრუმენტის თანხლების გარეშე სრულდება; ფანდური გაცილებით გვიანდელ დანართს უნდა წარმოადგეგდეს ამ წეს-ჩვეულებაში. მაგრამ თავისთავად ფანდურის გამოყენება «ბატონების» კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში, საკრავის სიძველეზე უნდა მიუთითებდეს. ფანდური გამოიყენებოდა ხატობა-დღეობაში, სხვადასხვა რიტუალებში. ფანდური ყველა ოჯახის აუცილებელ ნივთს წარმოადგენდა. იგი იყო მხიარულების სიმბოლო, სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ფანდურზე დაკვრა მგლოვიარე ოჯახში. არამც თუ დაკვრა, ფანდურის გამოჩენაც კი არ შეიძლებოდა ამ დროს. ოჯახში რომ ვინმე გარდაიცვლებოდა, ფანდურს გადამალავდნენ და წლის ხარჯამდე არ გამოაჩენდნენ. წლის ხარჯზე ოჯახის უფროსი ხელში აიღებდა ფანდურს, ჩამოჰკრავდა თითებს სიმებზე და იმღერებდა: ამით «ლხინი გატეხილი იყო». გადასცემდა ფანდურს სხვას და ამის შემდეგ ამ ოჯახს, მის ნათესავებს და მთელ სოფელს უფლება ჰქონდა დაკვრისა და სიმღერისა.
ჩანგი დღესდღეობით შემორჩენილია საქართველოს მხოლოდ ერთ კუთხეში სვანეთში. ჩანგი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: კორპუსისა და დამხმარე ნაწილებისაგან, რომელთაც შეადგენენ ღილაკები(1) და მოქლონები(2). საყურადღებოა ის პროპორციები, რასაც იცავენ ჩანგის მკეთებელი ოსტატები საკრავის დამზადების დროს. კორპუსი შედგება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ნაწილებისაგან. ჰორიზონტალური ნაწილი რეზონატორი გრძელი ამოღრუებული ხისგან კეთდება და ნახევარცილინდრის ფორმა აქვს. მასზე დაკრულია დაახლოებით 4მმ სისქის თავფიცარი, რომელიც შუა ადგილას ოდნავ ამობურცულია. მასზე გაკეთებულია 6 ნახვრეტი ღილაკებისათვის(1), რომლებზეც სიმების ერთი ბოლოა მიმაგრებული, და რომლებიც რეზონატორის კიდეებისგან თანაბარი მანძილითაა დაშორებული. ვერტიკალური ნაწილი სწორი და ბრტყელია. მასზე გაკეთებულია ნაზვრეტები მოქლონებისათვის(2). ვერტიკალური ნაწილის ბოლო ჩასმულია ჰორიზონტალურში. მათი შეერთეებით იქმნება მართი კუთხე. ორივე ნაწილზე სიმების პარალელურად მიმაგრებულია ხის პატარა ჯოხი. სიმების რაოდენობა ექვსი ან შვიდია. 
 ჩანგს ამზადებენ ძირითადად წიწვიანი ხის ჯიშებისაგან. უფრო ხშირად გამოიყენება ნაძვი, აგრეთვე ფიჭვი, უფრო იშვიათად სოჭი. ჩანგზე უფრო მეტად ქალები უკრავენ. ჩანგი, უპირველეს ყოვლისა, სააკომპანემენტო საკრავია. ჩანგის თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები. სოლო ჰანგები ჩანგზე წარმოადგენენ სვანურ ხალხურ საფერხულო სიმღერების ტრანსკრიპციას და არა წმინდა ინსტრუმენტულ მელოდიებს. როგორც აკომპანირებისას, ისევე სოლო ჰანგების შესრულებისას გამოიყენება მხოლოდ ერთი ჩანგი, ორი ან მეტი ჩანგის გაერთიანება ანსამბლად სვანეთის სინამდვილეში არ დასტურდება. მაგრამ ჩანგისა და ჭუნირის ანსამბლად გაერთიანება ხშირია. სხვაგვარ ანსამბლში ჩანგი არ გვხვდება. ჩანგი სვანეთში მეტად პოპულარული საკრავია. ჩანგს «მწუხარების» საკრავად თვლიან. ერთ-ერთი მთხრობელის სიტყვით, ჩანგზე უკრავდნენ მწუხარების შესამსუბუქებლად. ჩანგის მწუხარების საკრავად აღიარებასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ თქმულება ჩანგის შესახებ. ეს გადმოცემა ჩანგის გამოგონებას მიაწერს ვინმე მოხუცს, რომელსაც შვილი დაეღუპა. ჩანგის ტანი ახალგაზრდის მკლავია, სიმები - მისი თმები, ხოლო ჩანგის ნაღვლიანი ხმა - მწუხარე მამის ცრემლები. სვანურად ჩანგს «შიმეკვშე»-საც ეძახიან, რაც ნიშნავს «მოტეხილ ხელს». ეს სახელწოდება აღნიშნულ გადმოცემას უნდა უკავშირდებოდეს. სვანური ჩანგის სახით შემონახულია უძველესი სიმებიანი საკრავი. იგი აღიარებულია უძველეს სიმებიან საკრავად, რომლის არსებობაც დასტურდება ძვ. წ. IV ათასწლეულიდან. განსაკუთრებით საინტერესოა ქართველთა წინაპრების მონათესავე წინა აზიის ხალხების - შუმერების (და მათი მემკვიდრეების) ანალოგიური საკრავები. ის ფაქტი, რომ სვანური ჩანგი არა მარტო ანალოგიას პოულობს შუმერულ არფასთან, არამედ ემთხვევა მას, საყურადღებოა ამ ხალხების მონათესაობის დამადასტურებელ სხვა მონაცემებთან ერთად. არფის წარმოშობის შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი მშვილდისაგან არის წარმოშობილი. მშვილდი ერთი რომელიმე ხალხის საკუთრება არ ყოფილა, ამდენად არფა მისგან წარმოიშვა სხვადასხვა ხალხებში დამოუკიდებლად. არფის ტიპის საკრავები გავრცელებული იყო ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, ეგვიპტეში, შუმერეთში, ბაბილონში, ირანში, ჩინეთში, საბერძნეთში.
 ჭუნირი უძველესი ქართული ხემიანი საკრავია, იგი მხოლოდ მთის მცხოვრებლებმა შემოინახეს პირვანდელი სახით. სვანეთში ეს საკრავი დღესაც ეროვნულ საკრავად ითვლება და სვანებს უნდა ვუმადლოდეთ მის გადარჩენას. ჭუნირი სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულ სახელს ატარებს: სვანეთში (ჭუნირი), რაჭაში (ჭიანური), ხევსურეთსა და თუშეთში (ჭიანური). ამ საუკუნის დასაწყისში ის ცნობილი იყო გურიაშიც ჭიანურის სახელწოდებით. ამ საკრავზე ადრე ქალებიც უკრავდნენ ანსამბლში ჩანგთან ერთად. ჭუნირზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც (სვანეთი, თუშეთი). ხემიანი საკრავი სააკომპანემენტო საკრავია. ხშირად მას უკრავენ სალამურთან ერთად. მისი თანხლებით ასრულებენ ერთხმიან სიმღერებს - საგმირო ლექსებს, მათზე სრულდება აგრეთვე საცეკვაო მელოდიები. ჭუნირი და ჩანგი ანსამბლად ერთიანდებიან სამხმიანი სიმღერების შესრულების დროს. მეორე ხმა სრულდება სოლოდ, ხოლო ბანისა და პირველი ხმის პარტია გადატანილია ჭუნირზე, რომელიც აკომპანემენტის როლს ასრულებს. ორი ან მეტი ჭუნირის ერთროულად გამოყენება ხალხურ ყოფაში არ დასტურდება. თუშურ ჭიანურზე ძირითადად საცეკვაო მელოდიები სრულდება, რომლებშიც საკმაოდ ბევრია მელიზნები, განსაკუთრებით სხვა კუთხეების მელოდიებისაგან
 ჭუნირის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. ბგერათწარმოება ხემით ხდება. სვანური ჭუნირის კორპუსი(1) საცრისებურია. მასზე გადაკრულია ტყავი(2), რომელიც თასმებითაა მიმაგრებული. კორპუსი ქვემოდან ღიაა. ტარი(3) მთლიანი და ბრტყელია. თავზე გაკეთებული აქვს სამი ნახვრეტი სიმების დამჭერი მოქლონებისთვის. დამხმარე ნაწილებია მოქლონები(4), ჯორა(5) და ფეხი(6). ტარის ბოლოზე მიმაგრებულია ძუის სიმები. ხემი(7) მშვილდისებურია. მასზე გაკეთებულია ჭდეები ძუის ჩამოსაცმელად. რაჭული ჭიანურის კორპუსი ნავისებურია, გამოთლილია მთლიანი ხისგან და ამოღრუებულია. მასზე გაკეთებულია 2 ნახვრეტი, რომელთა დიამეტრია 5-6მმ. კორპუსს გადაკრული აქვს ტყავი, რომელიც მიმაგრებულია საკრავის უკანა ნაწილზე გაყრილი კანაფით. ტარი მთლიანია. თავი მომრგვალებულია. მასზე გაკეთებულია ორი (ან სამი) ნახვრეტი მოქლონებისათვის. ყელი ბოლოსკენ განიერდება. ხევსურულ და თუშურ ჭიანურებს მრგვალი კორპუსი აქვთ. ჭიანურზე უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. საკრავი უჭირავთ ვერტიკალურად, კორპუსი მოთავსებულია მუხლებს შორის (დაყრდნობილია მუხლებზე), სახელური მიყრდნობილია მარცხენა მხარეზე. ბგერათწარმოება ხდება ხემის მეშვეობით, რომელიც შემსრულებელს მარჯვენა ხელში უჭირავს. მარცხენა ხელის თითები სიმებს ეხებიან და ბგერის სიმაღლეს ცვლიან. სიმებს თითების «ბალიშებით» ეხებიან და თითს ტარამდე არ აჭერენ, რის გამოც ჭიანურის ბგერები ფლაჟოლეტურია. ხემს ერთდროულად ყველა სიმზე უსვამენ, ამიტომ ამ საკრავზე მხოლოდ სამხმიანი თანაბგერადობები არსებობს. სვანური ჭუნირის კორპუსის დამზადებისას იყენებენ წიწვიან ჯიშებს_ნაძვს, სოჭსა და ფიჭვს. ტარს ძირითადად არყისა და მუხისგან ამზადებენ. სიმებად ცხენის ძუას ხმარობენ. რაჭაში ჭიანურის კორპუსისთვის იყენებენ წიწვიან ხის ჯიშებს_ ფიჭვს ან სოჭს. სიმებად აქაც ძუაა გამოყენებული. რაჭული ჭიანური ორსიმიანია. მისი წყობაა დიდი ტერცია. სამსიმიანი სვანური ჭუნირის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. ასეთივე წყობა აქვს თუშურ ჭიანურს. ჭიანურს ინახავენ ცეცხლთან ახლოს, ხოლო დაკვრის წინ ცეცხლზე ან მზეზე ათბობენ ხოლმე, განსაკუთრებით ავდრიან დღეს (ეს ფაქტი დასტურდება ყველა კუთხეში, სადაც გავრცელებულია ხემიანი საკრავი). ტყავზე მოქმედებს ქარი და სინესტე და უკეთესი ხმების მისაღებად ათბობენ მას. სვანეთსა და რაჭაში ჭუნირის ჟღერადობის მიხედვით ამინდის წინასწარმეტყველებაც სცოდნიათ. როცა უამინდობაა მოსალოდნელი, ჭუნირი ძალიან ჩუმად და არასუფთად ჟღერს. ჭუნირს ცხენის ძუის სამი სიმი აქვს გაბმული, რომელთაგანაც კიდური, ე.ი. პირველი და მესამე, მომართულია კვარტით, ხოლო შუა სამი პირველთან ტერციას წარმოქმნის. ჭუნირს უკრავენ შვილდაკის საშუალებით, რომელსაც აგრეთვე ცხენის ძუა აქვს გაბმული. ცხენის ძუის გამოყენება ანიჭებს საკრავს მეტად ნაზსა და სასიამოვნო ტემბრის ხმოვანებას. შემთხვევით არ არის, რომ ჭუნირი მელოდიის შემსრულებელი საკრავია, ხშირსდ ჩანგთან ერთად გამოიყენება და მის თანხლებას ემყარება. საყურადღებო დამოწმებული ფაქტია - ჭუნირზე დაკვრა მიცვალებულთან დასაფლავების წინა ღამით. ერთ-ერთი ნათესავი მიცვალებულისა (კაცი) დაჯდება და წყნარი ხმით ჭუნირზე დაამღერებს. იგი იგონებს მიცვალებულს და ამ გვარის სხვა მიცვალებულებს. ჭიანურს სევდიან სიმღერებთან აკავშირებენ. მაგრამ მას იყენებენ დღეობებში, ქორწილში. საერთოდ ის მწუხარების საკრავად აქვთ წარმოდგენილი. სვანეთში არის გამოთქმა - «ჭიანური ჭირის არისო».
 გუდასტვირი, ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი. საქართველოში გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა: ქართლული და რაჭული გუდასტვირი, აჭარული და მესხური ჭიბონი (ჭიმონი) და ფშავური სტვირგუდა. გუდასტვირი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: თხის ან ცხვრის ტყავისაგან დამზადებული ჰაერის რეზერვუარის — გუდისა და სტვირისაგან. გუდას ქვემოთა მხრიდან მიმაგრებული აქვს სტვირი, ხოლო ზემოდან — ჰაერის ჩასაბერი მასრა. საკუთრივ სტვირი შედგება ნავის, დედნებისა და წივილებისაგან ნავს რბილი ხისაგან თლიან და მასში დედნებს (მილებს) სვამენ, ბოლოზე კი ხარის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებულ სარეზონატორო ქარახსას ამაგრებენ. დედნები მზადდება დუდგულის ან ჭერმის ხისაგან. მასზე ამოჭრილია თვლები, თავში ჩასმული აქვს წივილები. მარჟვნივ დედანს „მთქმელი“ ეწოდება, მარცხენას — „ბანი“. თვლების რაოდენობა დამოკიდებულია გუდასტვირის სახეობაზე, მაგ. ქართლური და რაჭული გუდასტვირების „მთქმელზე“ ამოჭრილია 6, „ბანზე“ კი 3 თვალი. აჭარულ ჭიბონზე 5 და 3, მესხურზე — 5 და 5, ფშავურ სტვირგუდაზე — 3 და 1. წივილებს ლერწმისაგან თლიან. ისინი გამოსცემენ საკრავის ხმას. სახალხო დღესასწაულებზე გუდასტვირის თანხლებით სრულდება მრავალი ცეკვა და სიმღერა. აჭარაში ჭიბონს ნადის დროსაც უკრავენ.
 დუდუკი, ხის ჩასაბერი საკრავი, შედგება ლულის, მილაკის, ხუფისა და რეგულატორისაგან. ამზადებენ უმთავრესად ჭერმის, აგრეთვე თუთისა და ბზის ხისაგან. ლულაზე ზემოდან ამოჭრილია 8 და ქვემოდან 1 ნახვრეტი (თვალი). ლულაში ჩადგმულია ლელის ან ლილქაშის ბრტყელი ორმაგი მილაკი. დუდუკის ბგერათრიგი დიატონურია. ნახვრეტების ნაწილობრივ დახურვისას მიიღება ქრომატული ბგერათრიგიც. დუდუკი არის როგორც საანსამბლო, ისე სოლო საკრავი (დასტა). აქვს ნაზი, რბილი ხმოვანება.
  ზურნა, აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული ჩასაბერი საკრავი. საქართველოში ამზადებენ უმთავრესად გარგარის, აგრეთვე კაკლის ხისგან. ღეროზე ზედა მხრიდან ამოჭრილია 7-8 თვალი, ზურგის მხრიდან — ერთი. ბოლოგანიური ღეროს სიგრძე 280—300 მმ. ზურნის დიაპაზონია მცირე ოქტავის b-III ოქტავის C, ზოგჯერ შეიძლება IV ოქტავამდე გაზრდაც. მეზურნეების ანსამბლს (დასტა) შეადგენენ უსტაბაში (I მეზურნე), დამქაში (II მეზურნე) და მედოლე. ზურნა სახალხო დღესასწაულების — ქორწილის, ნიშნობის, ჭიდაობის, ყეენობის, ბერიკაობის — აუცილებელი კომპონენტი იყო. ხშირად იხსენიება XVII—XVIII საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში.
 ნესტვი, ქართული ხალხური ერთმილიანი ჩასაბერი საკრავი. ძველად ტერმინი „ნესტვი“ აღნიშნავდა ყოველგვარ მილს (არის მოსაზრება, თითქოს ტერმინი „ნესტვი“ ნაწარმოებია სიტყვა „ნესტოსაგან“). საბას ლექსიკონში ნესტვი ასეა განმარტებული: „რაიც საკრავნი განხვრეტილნი პირით იბერვიან, ნესტვნი არიან“. დაბადების ქართული თარგმანის რედაქციების ერთმანეთთან შედარებით გამოირკვა, რომ ადრე ნესტვი და საყვირი სინონიმები ყოფილა. 
 სიმღერა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების შინაარსთან. სიმღერა თითქმის მამოძრავებელი ძალა იყო ხალხისათვის. მასში აღიბეჭდებოდა ხალხის ფიქრები და მისწრაფებანი, მისი დამოკიდებულება სინამდვილესთან. სიმღერა იყო ქართველი კაცის სულიერი საზრდო. ქართველს ულხინდა - მღეროდა, უჭირდა - მღეროდა, იბრძოდა - მღეროდა, გამარჯვებისას მღეროდა, დამარცხებული კი სიმღერით იამებდა გულის იარას. 
 ვერ ვიტყვით, რომ სიმღერის კვალდაკვალ ვითარდებოდა ქართული საკრავები და საკრავიერი მუსიკა. ქართული საკრავები ოდითგანვე ითვლებოდა წარმართული რელიგიის განუყოფელ ატრიბუტად. ქრისტიანული რელიგიის გავრცელების შემდეგ ახალი რელიგია დევნიდა წარმართობას და მასთან დაკავშირებულ რიტუალებს, რომელიც საკრავების თანხლებით მიმდინარეობდა. ძნელი იყო ეს ბრძოლა, რადგან ხალხი თავგამოდებით იცავდა თავის მამა-პაპეულ ადათ-წესებს. ამ ბრძოლაში ქრისტიანობა ხშირად დათმობაზე მიდიოდა და ითვისებდა ზოგიერთ წესს. ასე გადარჩა ნაწილი ქართული საკრავებისა, ნაწილის კი მხოლოდ სახელები შემოგვრჩა. 
 ქართული ხალხური საკრავები ქართველი ხალხის მუდმივი ზრუნვის საგანი იყო. ამ ზრუნვის ერთ-ერთი დამადასტურებელია ქართული ხალხური საკრავების სახელმწიფო მუზეუმის შექმნა, რომელიც ერთადერთია მთელს ამიერკავკასიაში.

უცხო სიტყვების ლექსიკონი

ქრომატულ-ი [ბერძ. chrōmatikos] - ფერადი, შეღებილი ქრომატული ფერები - წითელი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი 
დიატონური-ბგერათრიგის მეათე საფეხური
რეგულატორი -მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად უნარჩუნებს მექანიზმს თანაბარ მუშაობას, სიჩქარეს, ტემპერატურას და სხვ.
ხუფი -ორად გაკეცილი, კიდეებშემოკეცილი ქაღალდია
მილაკი-თხევადი წამლის ამოსაღები და ჩასაწვეთებელი მინის წაწვეტებული მილი
ქარახსა-ღვინის სასმელად გათლილი რქა 
რეზონატორ-ი – (ფიზ.). სისტემა ან სხეული, რომელშიც რეზონანსი ხდება.
მოქლონი-სიმის დამჭერი,ფეხსაცმლის ნაწილების დამამზადებელი დანადგარი
ორგანი - კლავიშიანი სასულე მუსიკალური საკრავი
ტრემოლი-ხარისხი,გიტარის დეტალი